ლატვიაში მანქანებზე წარწერისთვის - „მე რუსი ვარ", მძღოლებს დაჯარიმება ემუქრებათ

ლატვიაში მძღოლები მანქანაზე წარწერისთვის -  „მე რუსი ვარ" შესაძლოა, დააჯარიმონ. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ლატვიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის პოლიციის დეპარტამენტმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ინტერნეტში ლატვიური სანომრე ნიშნით ავტომობილის ფოტო გამოჩნდა წარწერით - „მე რუსი ვარ."

სახელმწიფო პოლიცია, ასეთი წარწერებით დაფარული მანქანების აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ დაავალებს პირებს მათ მოხსნას, მძღოლებისგან ასევე მოითხოვენ ახსნა-განმარტებას. პირს შეიძლება, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს.


დეპარტამენტის განმარტებით, ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციისა და უკრაინის ომის გათვალისწინებით, ასეთი სტიკერები შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც სამხედრო აგრესიის მოწონება ან რუსეთის სამხედრო დანაშაულების მხარდაჭერა. მძღოლები ასევე შეიძლება დაჯარიმდნენ სამხედრო აგრესიის ხელშემწყობი პროპაგანდისთვის.

ინფორმაციაში არ არის მითითებული, რა სახის ჯარიმაზეა საუბარი.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა, ფინეთმა და ესტონეთმა აკრძალეს თავიანთ ტერიტორიაზე რუსული ნომრის მქონე მანქანების შესვლა.